Загрузка...

ჩვენგან მეოთხე სახლში ცხოვრობდა. სვანური გვარი აქვს, თორემ ისე მეგრელიაო, ამბობდნენ და მაინც “სვანი ექიმოს” ეძახდა მთელი სოფელი.
ექიმი არა, ფერშალი იყო. ომგამოვლილი, ათასი უბედურების მნახველი. მუდამ ბიქსს დააკონწიალებდა და ისე დადიოდა.
მე თვალს არ ვაშორებდი ბიქსს, ოღონდ საფულე მეგონა და სულ მიკვირდა, ფულს ჯიბეში რატომ არ იდებდა.

ბავშვი გაუხდებოდათ ავად თუ დიდი, სვანი იყო მათი ექიმი. ქირურგიც იყო, თერაპევტიც, პედიატრიც, ენდოკრინოლოგიც და რა ვიცი, კიდევ ვინ იყო…რაიონიდან დადიოდნენო სვანთან. არ ყოფილა შემთხვევა – მისი დიაგნოზი არ გამართლებულიყო.

Загрузка...

-სვანმა დასვა? აბა აწი თუ გინდა მოსკოვში წადი, იგივეს გეტყვიან!
პატარა ვიყავი, ბაბუა ავად რომ გახდა. ძალიან ცუდად იყო.
– ახლა მოინდომა სიკვდილი მაინცდამაინცო, თან წუხდა და თან ბრაზობდა ბებია. წადი შვილო, სვანი მოიყვანეო.
– სვანი ბაბუა, ბებიამ შემოგითვალა მოვიდესო! – გულხეთქებით მივვარდი სვანს.
ხომ მშვიდობააო, სვანმა.
– ბაბუამ ახლა მოინდომა სიკვდილი-მეთქი, გადავეცი ბებიას ნათქვამი. დაავლო ხელი ბიქსს და სინდიყიან წნევის საზომს. გადაიკიდა ფონედოსკოპი. აბა ჩქარაო და გამოქანდა. ბიქსს მე წამოგიღებ-მეთქი, გამოვართვი დიდი ამბით.

წამოაჯინა ბაბუა. დაადო ზურგზე მარცხენა ხელის მტევანი და უკაკუნა მარჯვენა ხელის თითებით. გაშანშალებული ანთება აქვსო. მერე ფილტვებს ფონედოსკოპით მოუსმინა.აბა ჩაახველე სისოევიჩო, აბა სუნთქვა გააჩერეო… ბანკები უნდა დავაყაროთო. თორმეტი მაინც დასჭირდებაო.
გამოიტანა ბებიამ პატარა, მოლურჯო “ბანკები”. გამოუსვა სვანმა ცეცხლმოკიდებული სპირტიანი ბამბა და სათითაოდ დაამხო ზურგზე ბაბუას “აგი გამოიტანს სიცხესო. კიდევ კაი, მოვასწარით, თორემ ჩიხოტკაში გადაუვიდოდაო”.

ამ დღიდან ხშირად მახსოვს სვანი ჩვენს სახლში. ახლაც თვალწინ მიდგას “კერასინკაზე” შემოდგმული ბიქსი, სვანის თეთრი ცილინდრი და ჩესუნჩის გაქექილი კიტელი. განიერი, შავი, აფშლაგიანი შარვალი და ტილოს ყავისფერი ტუფლები, რომელზეც წვიმიანში კალოშებს შემოიცვამდა ხოლმე.

კაპიკს არ იღებდა არავისგან. არც არავინ სთავაზობდა, მაგრამ, მაინც. ყოფილა – ყოველ ოთხ საათში, დღე და ღამე, მოდიოდა ჩვენთან და პენიცილინსა და სტრეპტომიცინს უკეთებდა ბაბუას.
მაშინ მხოლოდ ის მიკვირდა, ამ ერთი ციცქნა შუშებში ერთი მილიონი წამალი რაფერ ეტეოდა.

ხმა გავარდა, სვანი თბილისში გაწერესო. არ ყოფილა კარგადო. შეიცხადა შეშინებულმა სოფელმა. ერთ კვირაში ჩამოვიდა და ჩვენთან მოვიდა.
ფერი არ ედო!

რავა ხარ, სისოევიჩო, მიუჯდა ბაბუას. ბიქსი ტაბურეტზე დადო. ახალი წამალი გამოუშვიათ, აგერაა რეცეპტი, აგი 12 საათში ერთხელ გექნება გასაკეთებელი, აწი თუ დაგჭირდესო.
ბებიას მიუბრუნდა სვანი – ამ წამალთან ბანკები არ დასჭირდებაო, თვეში ერთხელ წურბელები მიუჯინე კისერზე, ფეხები თუ დაუსივდეს, ნიახურის ნახარში მიეციო.

მოკლედ, წავედი ახლაო. ერთი ჩაის ჭიქა არაყი გადაჰკრა. ერთი ნაჭერი შაშხი და ცივი ღომის ნაჭერი აიღო და ჭამა-ჭამით წავიდა. ხოვო, ჭიშკრიდან დაიძახა, მაგ წამალს კულაშში იშოვით, ურიებშიო. ბიქსი დაგრჩაო, სიტყვა შეაგება ბებიამ. ბიქსი მაგ ბაღანას მოსწონს და ჰქონდეს ჩემგანო!

წავიდა და წავიდა. ორ დღეში მოკვდა! მაგან იცოდა რომ მოკვდებოდაო, თქვა ბებიამ. გამოიკეტა სვანის სახლის კარი.

დასაფლავების მეორე დღეს ჭიშკარს უცხო “პაბედა” მოადგა. შევნიშნე, მანქანაში ვარდების გვირგვინი იდო. ცოლ-ქმარი იყვნენ. თბილისელები. საფლავზე გაგვაყოლე ბავშვიო, ბებიას თხოვეს.
– ერთ პალატაში ვიწექითო თბილისში, ჰყვება კაცი, რძალი მოვიდა სანახავად და თან ერთი წლის შვილიშვილი მომიყვანა, გაუჩერებლად ტიროდა ბავშვი და პალატაში არ შემოსულა, მე გავედი დერეფანშიო.
ყვირილით გამოვარდა ის ცხონებული, რასაა რომ უყურებთ, ვერ ხედავთ, რა ხმაზე ტირის ბავშვი, დიფტერიაა მაგი. ჩქარა, ინფექციურში! დროზე, ეგებ უშველოთო!..
ნახევარი საათი უნდოდა და დაგეღუპებოდათ ბაღანაო, ასე გვითხრეს ინფექციურის პროფესორებმაც…
საავადმყოფოში რომ მივბრუნდი, წასული დამხვდა, მადლობაც კი ვერ ვუთხარიო…
გუშინ საბჭოში დავრეკეთ და ეს ამბავი გვითხრეს… დღეს წამოვედითო…
გავყევი სასაფლაოზე. ბებიაც წამოვიდა, ნაკურთხი მიწა წამოიღო. ყვავილებით მოზვინულ სამარეზე გვირგვინს რომ დებდნენ, შევნიშნე, იმ კაცს ცრემლი უბრწყინავდა.

სახლში მობრუნებულმა ბამბუკის “ატაჟერკიდან” ბიქსი ჩამოვიღე და გულში ჩავიხუტე…

. . .
თითქმის 60 წელია გასული ამ ამბების მერე. 6 – 7 წლის ვიქნებოდი მაშინ. სექტემბრის დასაწყისში კლასელი მესტუმრა, კაი ხნის უნახავი ძველი მეგობარი.
მოსვლისთანავე პირდაპირ მომახალა, უნდა მიშველო, ცოლს სიმსივნე აღმოაჩნდა, აქაური ექიმები ოპერაციას ვერ რისკავენ, ევროპის კლინიკებმაც უარი თქვეს, ერთადერთი კიოლნის კლინიკა დაგვთანხმდა ოპერაციაზე, ხარჯთაღრიცხვა უკვე გამოგზავნეს, ქირურგი გასამრჯელოს არ ითხოვს, ეტყობა არა აქვს იმედი, მაგრამ რა ვქნათ, უნდა გავრისკოთო. ისე, ის ქირურგი ქართველიაო…
– და მე რით გიშველო-მეთქი, ვკითხე შეწუხებულმა და დაბნეულმა.
– უნდა გამომყვე გერმანიაში, მე არც გერმანული ვიცი და არც რუსული. არ მითხრა უარი, თუ კაცი ხარ, მარტო არ გამიშვაო!..

ოპერაცია ექვს საათს გაგრძელდა. ჩამოვწყდით ნერვიულობით. როგორც იქნა, გამოვიდა ჩვენი ქართველი ექიმი, საშუალო სიმაღლის, ჭაღარა, სანდომიანი კაცი.
ახლა უფრო ხნიერი მეჩვენა, ვიდრე პირველი ნახვისას. გადავრჩითო, გვითხრა სუფთა ქართულით, მეტასტაზის ნასახი არ დამიტოვებია მუცლის ღრუშიო.
რამე თუ არ გართულდა, ეს ქალბატონი ამ სატკივრით არ მოკვდებაო. ეს იყო ყველაზე მძიმე ოპერაცია, რაც კი გამიკეთებიაო. გვითხრა და სწრაფად შებრუნდა.

მეოთხე დღეს, საღამოს, მომილოცავსო, გვითხრა, აწი საშიში არაფერია, ანალიზები კარგია, შეხორცება კარგად მიდის, პალატაში გადავიყვანეთო. ახლა შეგვიძლია ცოტა დავლიოთ, ბარში გეპატიჟებითო…
უჟმური კაცი გვეგონა და გაგვიკვირდა! კარგად შეზარხოშებულნი ვართ და ექიმი გვიყვება:
– თქვენი ავადმყოფის ისტორია და დისკები რომ გადმოგვიგზავნეს, უკვე ვიცოდით, რომ გერმანიის კლინიკებმა უარი თქვეს ოპერაციაზე. ჩვენც უარს ვაპირებდით, მაგრამ პაციენტის ანკეტაში საცხოვრებელი ადგილი ნოსირი რომ ვნახე, გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ეს ქალი გადამერჩინა. იყო იოტისოდენა იმედი და იმ იმედს მოვეჭიდე. კი მქონდა წინააღმდეგობა კონსილიუმიდან, მაგრამ ჩემმა ავტორიტეტმა გაჭრა და გამიმართლა. უზომოდ ვარ გახარებული და მოდით, ბიჭებო, ამ არცთუ მაინცდამაინც ცნობილ სოფელ ნოსირს გაუმარჯოსო!
პირდაღებული მივაშტერდით ერთმანეთს მე და ჩემი მეგობარი!
– ნოსირი რა შუაშია, ჩემო ბატონო, იცნობთ ამ სოფელს, გყავთ იქ ვინმე ნათესავი?
– ძალიან დიდი ხნის წინათო, გვიყვება ექიმი, ბაბუაჩემის სანახავად დედაჩემს მივუყვანივარ არამიანცში. ვტიროდი თურმე, ვერ მაჩერებდნენ. გამოვარდნილა ბაბუას პალატიდან ვიღაც კაცი, უშველეთ ბავშვს, დიფტერია აქვსო, უყვირია. ასე გადავრჩი, თორემ ვიქნებოდი ახლა 60 წლის მკვდარიო.
ის კაცი ნოსირელი ყოფილა, ბაბუას ნაამბობიდან სხვა არაფერი მახსოვსო!

სვანი, სვანი იყო ის კაცი! – შეშლილივით ვიყვირე. ღაპაღუპით წამომივიდა ცრემლები. თვალწინ დამიდგა ჩესუნჩის გაქექილ კიტელში და ტილოს ტუფლებში გამოწყობილი სვანი ბაბუა თავისი განუყრელი ბიქსით, რომელმაც გარდაცვალებიდან 60 წლის მერე, აქ, გერმანიის ერთ პრესტიჟულ კლინიკაში უნიკალური ოპერაცია ჩაატარა!…

Загрузка...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here